სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ბოლოს ანგარიშის ერთ-ერთ თავში - "წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობა" მიხეილ სააკაშვილის დაკავების პირობებსა და გარემოებებზე წერს.
ანგარიშში საუბარია, რომ 11 ნოემბერს ომბუდსმენის ოფისმა სახელმწიფო ინსპექტორს სთხოვა გამოეძია ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტები. კერძოდ, ეს ეხება რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში მოშიმშილე სააკაშვილის იძულებით გადაყვანას.
ანგარიში, ასევე ეყრდნობა სახალხო დამცველის აპარატის ცნობებს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მე-3 პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო სხდომებში მონაწილეობა შეუზღუდა, რაც არღვევდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
სახდეპის ანგარიშში ნახსენებია ისიც, რომ 30 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას:
"წინა მანდატისაგან განსხვავებით, რომ ინსპექტორმა ყველა სამართალდამცავი ორგანოს დანაშაულები თანაბრად გამოიძიოს, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება.
რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებამდე სამი წელი რჩებოდა".
ანგარიშში წერია ისიც, რომ უწყების გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე, ინსპექტორის სამსახური იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს.